მმართველი გუნდი გაერთიანებული პოზიციის მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს. თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებების მაგიდას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით სასაუბროდ არ მიუჯდება. მისივე თქმით, იმ ფონზე როდესაც ერთი მხარე აკეთებს რევოლუციურ მოწოდებებს და მეორე მხარე ხელისუფლებას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, დიალოგი შეუძლებელია.
„ვერანაირ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი ვერ იქნება. დიალოგს რაც შეეხება გააჩნია რის გარშემო არის ეს დიალოგი. თუ ერთის მხრივ ჩვენ გვესმის რევოლუციური მოწოდებები დაუმორჩილებლობის მოწოდებები და ამავე დროს აქეთა მხარეს დიალოგის მოთხოვნა ეს შეუსაბამოა. ასეთ პირობებში ლაპარაკი არის შეუძლებელი,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა
მამუკა მდინარაძე კი გაერთიანებული ოპოზიციას ურჩევს შეეგუოს დამარცხებას. დეპუტატის განცხადებით, დემოკრატიის წესია, რომ არჩევნებზე ვიღაც იმარჯვებს და ვიღაც მარცხდება და დამარცხებული უნდა შეეგუოს ამას.
„ენმ-ს ლიდერებისთვის დემოკრატია და მათი საქმიანობა არის შეუთავსებელი ორ სხვადასხვა რამ. აქედან გამომდინარეობს ის რომ ისინი უფრთხიან ინაუგურაციას, რომელიც არის ის მიჯნა, რომლის შედეგადაც საქართველო აბსოლუტურად საპარლამენტო დემოკრატიის რელსებზე გადადის. ისინი ითხოვენ პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, რაც არის ამ შემთხვევაში აბსოლუტურად მიუღებელი ბევრი მიზეზის გამო. მათშორის მთავარია ის, რომ ყველა არჩევნებს წაგებული მხარის უკმაყოფილება არ უნდა მოჰყვებოდეს ახალი და არაადეკვატური მოთხოვნები. უნდა შეეგუოს ოპოზიცია ერთხელ და სამუდამოდ, რომ დემოკრატიის წესია ვიღაც იმარჯვებს, ვიღაც მარცხდება. და ამ დამარცხებას უნდა შეეგუონ,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ
შეგახსენებთ, რომ პროპორციულ წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა შესთავაზა, რაზეც ხელისუფლებამ უარი განაცხადა.