შავი ხვრელი სასამართლო ხელისუფლებაში და ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შედის - ახალი ნორმების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს წევრები და თავმჯდომარე არა პრეზიდენტმა, არამედ უკვე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეარჩიოს, ორგანომ, რომელიც არაერთხელ იქნა დადანაშაულებული კლანურ მმართველობაში. ამასთან, კანონმდებლობაში საერთოდ არაფერია დაკონკრეტებული არც თავად შერჩევის პროცესსა და კანდიდატისთვის წაყენებული მოთხოვნების შესახებ. შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლებაში იერარქიით ნომერ პირველი მოსამართლის შერჩევა სრულიად ღიადაა დარჩენილი.
პრობლემას თავად საბჭოს წევრებიც ხედავენ და ამ შავი ხვრელის ამოსავსებად კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორთან იწყებენ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ანა დოლიძე, აცხადებს, უნდა მოხდეს დეტალურად გაწერა იმ პროცედურების, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის საბჭო შეარჩევს ჯერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს.
„ვინც დანიშნავს ამ მოსამართლეებს, რეალურად განსაზღვრავს, როგორი იქნება ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა. ეს იქნება ჩვენი მართლმსაჯულების ძირითადი სახე და ძირითადი კონტურების განმაპირობებელი. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ აქ მოხვდნენ მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი, უმწიკვლო რეპუტაციის ადამიანები, რომლებიც არ იქნებიან არც ერთი დაჯგუფების წევრები. მაგრამ არ იქნებიან არც ერთი პოლიტიკური პარტიის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეჭვის ქვეშ არის მმართველი პარტია, რომელსაც კონსტიტუციური უმრავლესობა აქვს, დაქვემდებარების ქვეშ მყოფი პირები,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა ამ პროცესს თან სდევდეს. ის ამბობს, რომ გარკვეული კლანები შეეცდებიან უზენაეს სასამართლოში წარადგინონ მოსამართლე, რომელიც მათთან იქნება დაახლოებული.
„ცნობილია, რომ უზენაესი სასამართლო არის ის ინსტანცია საქართველოში, რომელშიც ნაკლებად არის წარმოდგენილი და თითქმის არ არიან წარმოდგენილები კლანის, აი ამ დაჯგუფების წევრები ვინც მართავს სისტემას. ამიტომ მათი სურვილი ბუნებრივია იქნება, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენონ და რაც შეიძლება მეტი მოსამართლე შევიდეს იმ პირთაგან რომლებიც დაახლოებულები არიან ჩინჩალაძესთან და მის მეგობრებთან. ამიტომ მე ვფიქრობ რომ პირველ რიგში საზოგადოებამ უნდა მიადევნოს თვალი ზედმიწევნით იმ პროცესებს, რომელიც საბჭოში წავა, როგორ შეარჩევს საბჭო კანდიდატურას,"-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.