არასამთავრობო ორგანიზაციები კონსტიტუციის ახალი ნორმის იმ ნაწილს ეხმაურებიან, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრებისა და თავმჯდომარის დანიშვნის წესს ეხება.
აქამდე ეს უფლებამოსილება პრეზიდენტს ჰქონდა. თუმცა, ინაუგურაციის შემდეგ კონსტიტუციის ახალი ნორმა ამოქმედდება და უზენაესი სასამართლოს წევრების და დანიშვნის უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ექნება.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ კანონმდებლობაში საერთოდ არაფერია დაკონკრეტებული არც თავად შერჩევის პროცესსა და კანდიდატისთვის წაყენებული მოთხოვნების შესახებ. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარის თქმით, ეს პროცედურები უნდა გაიწეროს.
„მნიშვნელოვანია, არსებობდეს ცხადი და ნათელ პროცედურები, რომელიც ექნება გაწერილი თავად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევარჩიოთ ღირსეული კანდიდატები და მოხდეს ღირსეული კანდიდატების ნომინირება პარლამენტში. და მეორე, რაზეც დღესაც ასევე ვმუშაობდით პარლამენტში რეგლამენტის განხილვისას, ეს არის თავად პარლამენტს ჰქონდეს მკვეთრად გაწერილი პროცედურები, როგორ უნდა მოხდეს საჯარო მოსმენა კანდიდატების, რათა არ დარჩეს არც ერთი კითხვა არც მათ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით და არც მათ განვლილ ცხოვრებასთან დაკავშირებით, რომელიც დარჩება პასუხგაუცემელი. სწორედ ამ კითხვებზე პასუხის შედეგად შერჩეული მოსამართლეები შეძლებენ მეტნაკლებად მოიპოვონ საზოგადოების ნდობა,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და თავმჯდომარის შერჩევის წესის გაწერას ითხოვს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორიც.
ეკატერინე ციმაკურიძე ამბობს, რომ იმაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს სასამართლო სისტემაში, ქვეყანაში არ არის.
„შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო სისტემისთვის ამაზე მნიშვნელოვანი პროცესი დღესდღეობით არ მიმდინარეობს ქვეყანაში. კითხვები რომ არ გაჩნდეს, ამისთვის არის აუცილებელ,ი რომ პირველ რიგში, პარლამენტმა კანონით გაწეროს შესაბამისი პროცედურები, დაუქვემდებაროს ეს კრიტერიუმებს და ღია და გამჭირვალე პროცესს. მეორე რიგში კი პროცესი წარიმართოს სათანადოდ,“ - განაცხადა ეკატერინე ციმაკურიძემ.