17 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
4 ჭრილობა და საკონტროლო გასროლა თავში - კლასელებს შორის სისხლიანი გარჩევა ფოკაში და ოჯახის შურისძიება

4 ცეცხლსასროლი ჭრილობა, მათ შორის ერთი საკონტროლო თავში - რამდენიმე თვის წინ კლასელებს შორის დაწყებული დაპირისპირება ფოკას ცენტრში საჯარო შურისძიებით დასრულდა. ბრალდებულმა საკუთარი მეგობარი ხაჟაკ ტოროსიანი სოფლის ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე ჩაცხრილა და ადგილიდან გაიქცა.

ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობას ნინოწმინდაში არეულობა მოჰყვა. გვიან ღამით შურისძიების მიზნით მკვლელობაში ბრალდებულის სახლები და ავტომობილები მოკლულის ნათესავებმა გადაწვეს.

ჯგუფურ შურისძიებაში ნინოწმინდის 300-მდე მცხოვრები მონაწილებდა. გვიან ღამით სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ, გალუსტ მკრტიჩიანის ოჯახის წევრები და ნათესავი სოფლიდან გაეხიზნათ.

მკვლელობას სოფელ ფოკაში წინ კონფლიქტი უძღოდა. მოკლულ ხაჟაკ ტოროსიანსა და გალუსტ მკრტიჩიანს შორის ჩხუბი ზაფხულში მოხდა და ბოლო რამდენიმე თვეა მოკლულს ემუქრებოდნენ. ძველი კონფლიქტის საქმეზე რამდენიმე თვის წინ სასამართლომ გარდაცვლილი ტოროსიანი გაამტყუნა და მას 1-წლიანი პირობითი მსჯავრი დააკისრა.

დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ პირობითი მსჯავრის შემდეგ ხაჟაკ ტოროსიანი მუდმივად ახდენდა ზეწოლას ბრალდებულ გალუსტ მკრტიჩიანზე. ინტერესების დამცველის თქმით ნინოწმინდაში ვითარება კრიტიკულ ზღვარზე დაუსჯელობის განცდამ მიიყვანა.

მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

 

დღის ამბები