ნიკა რურუას საცხოვრებელ სახლთან უამრავი ადამიანია თავმოყრილი. ზანდუკელის ქუჩაზე შეკრებილები არიან კულტურის ყოფილი მინისტრისა და ნაციონალური მოძრაობის წევრის ნათესავები, მეგობრები და თანამებრძოლები.
ისინი გარდაცვლილი ნიკა რურუას ოჯახისთვის სამძიმრის სათქმელად და საკუთრი მწუხარების გამოსახატად მიდიან.
რურუა საკუთრ სახლში გარდაცვლილი რამდენიმე საათის წინ იპოვეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე დედამ გამოიძახა, მაგრამ მედიკოსებმა ყოფილი მინისტრის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ამ დროისთვის პოლიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, რათა დადგინდეს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.
ნიკა რურუას მეგობრები და თანამებრძოლები განსაკუთრებით ხაზს უსვამენ მის პატრიოტიზმსა და სამშობლოსადმი სიყვარულს.
„ნიკუშა დაგვაკლდება ყველას და დააკლდება საქართველოს, ასეთი მოყვარული თავისი სამშობლოსი, ზუსტად იცოდა, რომ მტერს მტერი ჰქვია, მოყვარეს მოყვარე, ზუსტად იცოდა, რა სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას. ყოველდღიურად მასთან ურთიერთობა დიდი გაკვეთილი იყო,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
ნაციონალური მოძრაობის წევრის ოჯახს საქართველოს პრეზიდენტმა მიუსამძიმრა. გიორგი მარგველაშვილი ზანდუკელის ქუჩაზე იმყოფებოდა.
ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო საქართველოს მთავრობის წევრი კულტურის მინისტრის რანგში, იყო ასევე პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, ნაციონალური მოძრაობის და ოპოზიციური გაერთიანების აქტიური წევრი.
მის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი ეკავა ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ. სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, სწორედ ნიკა რურუას ინიციატივით დაარსდა საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი და განხორციელდა გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟი.