იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული უკრაინის მოქალაქეები - დაკავებულებმა დღეს სასამართლო პროცესზე თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენეს.
უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე დღეს ოთხსაათიანი პროცესზე ამტკიცებდა, რომ 2 ხელყუმბარა, 2 პისტოლეტი და ავტომატის 25-მდე ვაზნა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინიტროს მტკიცებით, მათ ეკუთვნოდათ, პოლიციამ ჩაუდო. უკრაინის მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოსულებს, დაკავების დროს შეურაცხყოფდნენ, "ბოევიკებს" და "ტერორისტებს" ეძახდნენ.
დაკავებულთა ადვოკატის განმარტებით, სპეცოპერაციის დროს რამდენიმე დეტალი გამოვლინდა, რომელიც კითხვებს აჩენს.
გიორგი როსტომაშვილის თქმით, დაკითხვის დროს პოლიცია ცდილობდა, ეპოვა კავშირი უკრაინის მოქალაქეებსა და რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას შორის. შვიდივე დაკავებული ამტკიცებს, რომ საკუთარი თვალით ნახეს, როგორ ჩაუდო მათ იარაღი და ტყვიები პოლიციამ.
შვიდივე დაკავებულმა, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა დაიწყო. ბრალის წარდგენის დროს ოქმებს ხელი არ მოაწერეს და ფურცლებს "დიდება უკრაინას" მიაწერეს.
უკრაინის რადას ოპოზიციონერი დეპუტატი ფიქრობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა, პოლიტიკურად მოტივირებულია.
7 ბრალდებულიდან მხოლოდ ერთია საქართველოს მოქალაქე, დანარჩენი 6 კი უკრაინის.
ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებას გეგმავს.
ავტორი: ნინო გაზდელიანი