"ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის," -ასეთია თავისუფალი დემოკრატების პოზიცია გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნაზე.
პარტიის თავმჯდომარე, შალვა შავგულიძე, ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მოსახლეობას ისევ მოუწევს, არჩევანი გააკეთოს ორ ძალას შორის და ესაა ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა.
მისივე თქმით, საჭიროა, პროცესში ჩაერთოს მესამე პოლიტიკური ძალა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ამის დროს არ ტოვებს. შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, თავად ქართულ ოცნებას მიეცემა საშუალება, რომ გაიხანგძლივოს ხელისუფლებაში ყოფნის ვადა.
რაც შეეხება არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ეს არის სწორედ საერთო შეხების წერტილი ოპოზიციურ პარტიებს შორის.
„ქართულმა ოცნებამ უნდა დატოვოს ხელისუფლება, ვინაიდან ის ვერ ახორციელებს პოზიტიურ მართვას. ჩვენ ყველა ოპოზიციური სპექტრი, უკვე დიდი ხანია, ვთანხმდებით, რომ პროპორციული არჩევნები არის საჭირო. აი, ეს არის ის შეხების წერტილი, რომელიც საერთოა ჩვენს შორის,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ პროპორციული სისტემაზე გადასვლის მოთხოვნას უნდა ჰქონდეს თავისი მექანიზმი და ამიტომ თავისუფალი დემოკრატები ოპოზიციურ სპექტრს ამ მიმართულებით კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს.
„თუ გაერთიანდება პოლიტიკური სპექტრი, გვექნება მორალური მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების და ა.შ. და არათუ 200 ათასს ხელმოწერას, არამედ მეტს მოვაგროვებთ და მოვახდენთ ასეთი კანონპროექტის წარდგენას პარლამენტში, ასეთ შემთხვევაში, პარლამენტის წევრთა ¾-ის თანხმობის შემთხვევაში, ამ მოწვევის პარლამენტს შეუძლია, მიიღოს ეს კონსტიტუციური კანონო და 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით,“ -განაცხადა შალვა შავგულიძემ.