გამორჩეული პოლიტიკოსი, მოაზროვნე და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის დაუღალავი მებრძოლი - ნიკა რურუას მისი თანამოაზრეები, ახლობლები და მეგობრები ხვალ დაემშვიდობებიან. მისი ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით გადაასვენეს. ნიკა რურუას მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ზანდუკელის 21 ნომერში მალევე შეიკრიბნენ ნათესავები, მეგობრები და თანამებრძოლები.
"დავკარგეთ ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე პატრიოტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ყავდა საქართველოს,"-აცხადებს ნიკა რურუას მეგობარი, თემურ ჯანაშია.
პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, გულის შეტევით გარდაიცვალა. ყოფილი კულტურის მინისტრი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის მოადგილე, 50 წლის ნიკა რურუამ საზოგადოებას თავი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლით დაამახსოვრა, მის სახელს უკაშირდება ქაქუცა ჩოლოყაშვილის გადმოსვენება, სტალინის ძეგლის დემონტაჟი გორში და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსება.