წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმების მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მოსახლეობის თქმით, რამდენიმე დღის წინ ქარმა ბინას სახურავი გადახადა, რის გამოც წვიმის დროს საცხოვრებელი ოთახები სველდება და ცხოვრება შეუძლებელი ხდება.
კორპუსებში იძულებით გადაადგილებულები 25 წელია ცხოვრობენ. მერიიდან დევნილებთან რამდენიმე დღის წინ იყვნენ მოსულები და დაჰპირდნენ სახურავის შეკეთებას, თუმცა დღემდე არაფერი გაუკეთებიათ.
"მოვიდა იოსელიანი, მოაბითო თოკიო და აიტანეთო და გადახურეთ თქვენო. მის მერე კაციშვილი არ მოსულა აქ და არ მოუქცევიათ ყურადღება," - ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი კი აცხადებს, რომ სტიქიამ წყალტუბოს 420 ათასი ლარის ზარალი მიაყენა, დააზიანა ოთხი სანატორიუმის სახურავი 420 კვადრატული მეტრი. მისივე თქმით, ხვალიდან დაიწყება სანატორიუმების გადახურვა, კორპუსების სახურავების შეკეთება უკვე დაწყებულია.