გამორჩეული პოლიტიკოსი, მოაზროვნე და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის დაუღალავი მებრძოლი - ნიკა რურუას მისი თანამოაზრეები, ახლობლები და მეგობრები ხვალ დაემშვიდობებიან. პოლიტიკოსის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით გადაასვენეს.
ნიკა რურუას მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ზანდუკელის 21 ნომერში, ხალხის ნაკადი არ წყდება. ადგილზე იმყოფება საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან ”ძალა ერთობაშია,” გრიგოლ ვაშაძე.
„ღირებულებების ადამიანი იყო. შეიძლება ვიღაცას მისი ღირებულებები არ მოსწონდა, მაგრამ რომ არ უღალატებდა ამ ღირებულებებს ყველამ იცოდა. ძალიან დამაკლდება მეც და ვისაც უყვარდა. ისეთ ასაკში შევდივართ, მეგობრების დაკარგავს იწყებ, ყველაზე მძიმე ასაკია ალბათ. ჯერ მშობლები, მერე მეგობრები. უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რისთვისაც იბრძოდა. იბრძოდა იმისთვის, რომ დიქტატურა აღარასდროს იყოს საქართველოში,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ნიკა რურუა, გუშინ სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. 50 წლის ნიკა რურუამ საზოგადოებას თავი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლით დაამახსოვრა, მის სახელს უკავშირდება საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსება თბილისში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის საქართველოში გადმოსვენება და სტალინის ძეგლის დემონტაჟი გორში.