ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-ხონის გზაზე - მიკროავტობუსი, რომელსაც კონტრაქტორი სამხედროები გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.
ქუთაისის საავადმყოფოებში სულ 15 პაციენტი შეიყვანეს, აქედან 6 მათგანი მალევე გაეწერა და ამბულატორიულად აგრძელებს მკურნალობას. 9 პაციენტიდან ორს ლავიწის ძვალი აქვს დაზიანებული, დანარჩენმა კი თავის ტრავმა მიიღო. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, "ფიატის" მარკის ავტომობილი სავალ გზაზე გადავიდა, რის გამოც მიკროავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.