17 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
„ძალიან დაგვაკლდება ნიკა, როგორც მეგობარი, როგორც თანამებრძოლი" - რურუას ოჯახს სამძიმარს უცხადებენ

ნიკა რურუას მისი თანამოაზრეები, ახლობლები და მეგობრები ხვალ დაემშვიდობებიან. კულტურის ყოფილი მინისტრისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით გადაასვენეს.

ნიკა რურუას მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მის საცხოვრებელ სახლთან, ზანდუკელის 21 ნომერში ხალხის ნაკადი არ წყდება. ცოტა ხნის წინ სამძიმარზე საქართველოს ყოფილი პირველი ლედი იმყოფებოდა, რომელმაც ოჯახს მიხეილ სააკაშვილის სახელითაც მიუსამძიმრა.

„ძალიან დაგვაკლდება ნიკა, როგორც მეგობარი, როგორც თანამებრძოლი, პოლიტიკაშიც, ხელოვნებაშიც. ახლა მიშასგან „ვენოკი“ მივიტანე და წერია, მიშასგან, ჩემს ძმას და თანამებრძოლს, ნიკას. ძალიან ცუდია, რომ აქ არ არის, რომ გააცილოს თავის ბოლო გზაზე,“- განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ნიკა რურუას თანამოაზრეები და მეგობრები მას პოლიტიკოსს პატრიოტად ახასიათებენ. მათი თქმით, ნიკა რურუას განსაკუთრებით უყვარდა სამშობლო.

„ნიკა რურუა იყო გამორჩეული ადამიანი, რომელიც მუდმივად თავის სამშობლოზე ზრუნავდა. მუდმივად იცავდა თავისი ქვეყნის ინტერესებს,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ზანდუკელის 21 ნომერში იმყოფებოდა ნიკა რურუას მეგობრის, ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის ქვრივი, ტატიანა ცერცვაძე, რომელმაც გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

ნიკა რურუას ოჯახს ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია ”პატრიოტის” დამფუძნებელმა, დოდო გუგეშაშვილმაც მიუსამძიმრა და პოლიტიკოსის ღირსებებზე ისაუბრა.

„ნიკა რურუა იყო კაცი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა საკუთარი სიცოცხლის ფასად, კაცი, რომელიც საკუთარი სამშობლოს სიყვარულისთვის იყო გადაგებული და კაცი, რომელიც იყო უკიდეგანოდ განათლებული,“- განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

კულტურის ყოფილი მინისტრი გუშინ, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილემ, საზოგადოებას თავი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლით დაამახსოვრა. ნიკა რურუას სახელს უკავშირდება საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსება თბილისში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის საქართველოში გადმოსვენება და გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები