17 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
"სიტუაცია ძალიან საგანგაშოა" - ატოცში რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ 

სოფელ ატოცში ვითარება ხვალ დილამდე განიმუხტა. დაბნელების და ძლიერი წვიმის გამო საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლები ბაზაზე დაბრუნდნენ. საოკუპაციო ხაზთან პატრულირებას ხვალ დილიდან გააგრძელებენ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია"-ს წევრებიც. მათი თქმით, ამ დროისთვის ვითარება მშვიდია და ოკუპანტები ტერიტორიაზე აღარ გამოჩენილან.

მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, ისინი ხვალ მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იქნებიან და არ მისცემენ ოკუპანტებს იმის საშუალებას, რომ განახორციელონ ბორდერიზაციის სამუშაოები, რომელიც მათ სავარაუდოდ, ხვალისთვის აქვთ დაგეგმილი.

დღეს რუსი სამხედროების მიერ დაწყებული ბორდერიზაციის პროცესი ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ჩაშალეს.

„ეს სიტუაცია ძალიან საგანგაშოა იმის ფონზე, რაც მოხდა დღეს. შევიტყეთ და გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 ნოემბერს ჩვენმა მთავრობამ შვეიცარიულ კომპანიას გადაურიცხა მომსახურების საფასური და სამი თვის ვადაში იგეგმება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სატრანზიტო დერეფნების გახსნა. ეს ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ მზადდება სერიოზული პროვოკაცია და მიმდინარეობს დეიურე რუსეთისთვის სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გადაბარების პროცესი,“ - განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ”ძალა ერთობაშია"-ს დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ”ძალა ერთობაშია” წევრის, ლაშა ბერულავას ინფორმაციით, ერგნეთში სამუშაო შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აქტივისტების ტერიტორიიდან გაყვანის საკითხის დაყენებას გეგმავენ.

„ოკუპანტთა უჩვეულო აქტივობა, ჩვენი ინფორმაციით, უკავშირდება იმას, რომ ერგნეთში დაგეგმილია 10-12 დეკემბრის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა, სადაც ე.წ. ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დააყენებენ ჩვენი აქტივისტების ამ ზონიდან მოშორების საკითხს. ვინაიდან, ისინი დგანან ფაქტის წინაშე, რომ ჩვენი აქ ყოფნა, ჩვენი პატრულირება ხელს უშლის ოკუპანტთა მისიას, რომ მათ განაახლონ ბორდერიზიცია,“ - განაცხადა ლაშა ბერულავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები