პარლამენტი, პროკურატურა და სასამართლო - ქვეყნის სამ მთავარ ინსტიტუციას ხალხი ყველაზე ნაკლებად ენდობა. 2014 წელთან შედარებით, მოქალაქეები სასამართლოში სიმართლის პოვნას სულ უფრო ნაკლებად ელოდებიან. ავტორიტეტული ორგანიზაციების დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად გამოკითხულთა 46% თვლის, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, 32% ის აზრით, კი მოსამართლეები არ იღებენ სამართლიან გადაწყვეტილებებს. ჯამში სასამართლოს მოქალაქეების 41% არ ენდობა.
ბოლო ოთხ წელიწადში სასამართლოს მიმართ უნდობლობა 21%-ით გაიზარდა. არასამთავრობო სექტორი ფიქრობს, რომ კვლევის მონაცემებმა სასამართლოში არსებული პრობლემები საჯარო კიდევ ერთხელ გახადა.
მონაცემებს არ ენდობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, რომელიც სასამართლო სისტემის მუშაობაზე პასუხისმგებელი პირია. პრობლემას გიორგი მიქაუტაძე კვლევის მეთოდოლოგიაში ხედავს.
სასამართლოს მიმართ უნდობლობის გაზრდა მოულოდნელი არ ყოფილა იუსტიციის საბჭოს წევრისთვის. ანა დოლიძე დარწმუნებულია, რომ გახმაურებულ საქმეებზე ხელისუფლების დამოკიდებულების გამო სხვა შედეგი ვერ დადგებოდა.
ნდობას ხალხი მხოლოდ სასამართლოს მიმართ არ კარგავს, ინსტიტუციებს შორის რომლის რეიტინგიც წლიდან წლამდე ეცემა, ლიდერი საქართველოს პარლამენტია.
სამთავრობო ინსტიტუციების რეიტინგის ვარდნის პარალელურად, იზრდება ნდობა არასამთავრობოების მიმართ.
ავტორი: თათია წოწონავა