სასტიკად ნაცემი მუსლიმი სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. გამოკითხულია მირალ გასანოვი, რომელსაც სოფელ დაშთაფის მოლა თავდასხმაში ადანაშაულებს. ელდანიზ სადიგოვი აცხადებს, რომ თანასოფლელი მას ფეისბუქში სამართალდამცველების მისამართით გამოთქმული კრიტიკის გამო დაუპირისპირდა. ნაცემი მოლა ამტკიცებს, რომ ცემის შემდეგ მან 4-ჯერ დარეკა 112-ში, მაგრამ უშედეგოდ. მის მიმართ ძალადობით კი სამართალდამცველები არც მაშინ დაინტერესდნენ, როდესაც ნაცემი სასულიერო პირი განყოფილებაში საკუთარი ფეხით მივიდა.