17 ნოემბერი 2024,   05:51
ვრცლად
შს მინისტრის მოადგილე მზად არის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტს ანგარიში ჩააბაროს

შსს მზად არის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდოს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როგორც კი უწყებას პარლამენტი დაუძახებს და ანგარიშს მოსთხოვს, შსს საკანონმდებლო ორგანოს სრულყოფილ ინფორმაცია მიაწვდის.

„პარლამენტი როგორც კი ამას განიხილავს და ჩვენ დაგვიძახებენ და გვკითხავენ რომელი რეკომენდაციები, რომელიც პარლამენტმა გასცა, რა რეკომენდაციები შევასრულეთ ჩვენ მოვალთ და ამ საკითხზე დეტალურად ვისაუბრებთ. რეკომენდაციების ნაწილი რა თქმა უნდა გათვალისწინებულია, გამოძიებაც მიმდინარეობს, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებებიც ტარდება და ამაზე დეტალურ ინფორმაციას პარლამენტს მივაწვდით,“-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელზეც სწორედ ხორავას ქუჩის მკვლელობის შესახებ მომზადებული დადგენილების პროექტის განხილვა უნდა დაწყებულიყო, ჩაიშალა. პროექტი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელს სერგი კაპანაძეს უნდა წარედგინა, თუმცა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე არც სერგი კაპანაძე და არც „ევროპული საქართველოს“ სხვა წევრები მისულან. სერგი კაპანაძე საქართველოში არ იმყოფება.

ამავე თემაზე
დღის ამბები