„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ლომიას განცხადება "ქართული ოცნებისთვის" მოულოდნელი აღმოჩნდა. უმრავლესობის წევრებისთვის გაუგებარია, რატომ შეცვალა მისი დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის მიმართ გიორგი ლომიამ და რატომ აყენებს ეჭვქვეშ მის არჩევნებში გამარჯვების ლეგიტიმურობას.
„უცნაური არათანმიმდევრულობა არის მათ პოზიციებში. ჩვენ სხვა რაღაცეებს ვისმენდით მთელი ამ დროის განმავლობაში, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში. პრეზიდენტი არჩევნების ლეგიტიმურობას და არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არანაირი სერიოზული კითხვები არ შეიძლება არსებობდეს. ეს არის დადასტურებული უკვე მთელი მსოფლიოს მიერ,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ ამომრჩეველთა ხმების რაოდენობიდან გამომდინარე, რაც სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებზე მოიპოვა, მის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები უშინაარსოა.
„ლეგიტიმაციის შესახებ კითხვის ნიშნის დასმა მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად უშინაარსოა და ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. იმ პირობებში როდესაც თვითონაც მხარს უჭერდნენ და გამოდიოდნენ მხარდამჭერებად სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან მიმართებაში,“-განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა ცოტნე ზურაბიანმა.
გიორგი ლომიამ დღეს განაცხადა, რომ არ აპირებს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მისვლას, რადგან მას არ აქვს ლეგიტიმაცია ხალხისგან. ის ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ ტარდება ინაუგურაცია ერეკლეს სასახლეში, მაშინ როდესაც სალომე ზურაბიშვილი მეფის შთამომავალი არ არის.