„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ნიკა რურუას ოჯახს პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ მიუსამძიმრა. ის ვერის სასაფლაოს ეკლესიაში იმყოფებოდა.
მეუფე შიომ ნიკა რურუას ოჯახს პატრიარქის სამძიმრის წერილი გადასცა.
„დღეს ჩვენ მოვიტანეთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს სამძიმრის წერილი და დავლოცეთ მისი სული და ვლოცულობთ მისი სულის შეწყალებისთვის. ღმერთმა აცხონოს და გაანათლოს მისი სული. ის იყო ადამიანი, რომელიც ალბათ, სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან დიდ წარმატებას მიაღწევდა,“ - განაცხადა მეუფე შიომ.
ნიკა რურუას ვერის სასაფლაოზე რამდენიმე წუთში დაკრძალავენ. ამ წუთებში ვერის სასაფლაოს ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
სამძიმარზე დილიდან უამრავი ადამიანია მისული, მათ შორის მეგობრები, თანამებრძოლები, პოლიტიკოსები, სასულიერო პირები. სამძიმარზე მისულები ნიკა რურუას იხსენებენ, როგორც პრინციპულ პოლიტიკოსს და მოაზროვნეს.
„ნიკა ყოველთვის იყო მაგალითი შემართების, პრინციპულობის, ადამიანი იყო, რომელიც ყოველთვის ცდილობდა, რომ ის იდეალები, ის ღირებულებები, რომელსაც ემსახურებოდა, ბოლომდე დაეცვა და ბოლომდე იცავდა კიდეც,“ - ამბობს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე.
პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა სავარაუდოდ, გულის შეტევით 4 დეკემბერს საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, კულტურის ყოფილი მინისტრი და ოპოზიციური გაერთიანების აქტიური წევრი 50 წლის იყო.
ავტორი: მარიამ შანშიაშვილი.