17 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების 61 ათასი აღსაზრდელი შესაძლოა, ახალი წლიდან კვების გარეშე დარჩეს

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების 61 ათასი აღსაზრდელი შესაძლოა, ახალი წლიდან კვების გარეშე დარჩეს.

კომპანია შპს „ნილი“, რომელიც თბილისის მერიასთან ამ დრომდე თანამშრომლობდა, დედაქალაქის მთავრობასთან მუშაობას წყვეტს. მერია კომპანიას ეძებს, რომელიც საჯარო ბაგა-ბაღების თითო აღსაზრდელს დღეში ისევ 3 ლარად და 24 თეთრად გამოკვებავს.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ბიზნესმენებისთვის შეთავაზებული თანხა არაადეკვატურად დაბალია და სატენდერო პირობებით მერია ბიზნეს სუბიექტებს უბიძგებს ბავშვები უხარისხო პროდუქტებით გამოკვებონ.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ შპს „ნილი“, რომელიც მერიას გასულ წელს ბავშვების კვებით უზრუნველყოფას იგივე პირობებით დათანხმდა, გაკოტრდა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ნილი“ სკანდალის ეპიცენტრში არაერთხელ აღმოჩნდა. ჯერ საჯარო ბაგა-ბაღებში რძე ღვინის ჭურჭლით შეიტანეს, შემდეგ პურში საკანცელარიო დანა და ხოლო თევზზე შეცვლილი ეტიკეტი აღმოაჩინეს.

მერიაში ამბობენ, რომ აუცილებლად მოძებნიან ფირმას, რომელიც ბავშვებს სამჯერადი კვებით დღეში 3 ლარად და 24 თეთრად უზრუნველყოფს.

12 დეკემბერს გახდება ცნობილი, თუ ვინ ჩაიბარებს საბავშვო ბაღების კვებას. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე ჯერ არ ჩანს იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელსაც ტენდერში მონაწილება სურს.

დღეს „კურიერში“ გასული ინფორმაციის შემდეგ კი შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოჩნდა კომენტარი, სადაც უცნობი მომხმარებელი წერს, რომ 3 ლარად და 24 თეთრად ბავშვების გამოკვების სურვილი უცხოურ კომპანიას გაუჩნდა.

დღის ამბები