საქართველოს პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს ბრალს დღეს წაუყენებენ. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
წარდგენილ ბრალდებას გოგოჭური არ აღიარებს. ამის შესახებ განცხადება, ადვოკატმა გააკეთა, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი გვიან ღამით მოინახულა.
„წარდგენილი ბრალდების არც ერთ ფორმულირებაში და არც ერთ ნაწილში ის თავს დამნაშავედ არც ცნობს და მისდამი ამ ბრალდების მადასტურებელი არანაირი სამხილი და მტკიცებულება არ არსებობს. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, თუმცა ფიზიკურად რაც არ არსებობდა ამოღებული ვერ იქნებოდა. ასეთი ფორმულირებით და ასეთი მოცემულობით მისი დაკავება, ვფიქრობ, რომ სამართლებრივად შეუსაბამოა,“-განაცხადა ადვოკატმა შოთა მანელიძემ.
სამართალდამცველებმა მინდია გოგოჭური და გიორგი რაზმაძე ამაშუკელის ქუჩაზე გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ბრალის წარდგენის შემდეგ არ არის გამორიცხული, სასამართლომ დღესვე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელოს.