ქუთაისში, თეთრი ხიდის რეაბილიტაცია ჯერ ისევ დაუსრულებელია. ხიდზე ჯერ ტერენტი გრანელის ლექსიდან ნაწყვეტი ამოტვიფრეს და ავტორად კოლაუ ნადირაძე მიაწერეს, ახლა კი ცნობილი ხდება, რომ მერიამ სამუშაოებზე პასუხისმგებელ კომპანიას 319 ათასი ლარი ჩაურიცხა, რამდენიმე დღის წინ კი მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.
გამოდის, რომ ხიდი ისევ შესაკეთებელია, რადგან უხარისხოდ გაკეთებული სამუშაოების გამო ხიდზე გადაადგილება საფრთხის შემცველია.
ასობით ათასი ლარი კი ბიუჯეტიდან არამიზნობრივად არის დახარჯული. ოპოზიცია ადგილობრივ ხელისუფლებას კომპანია "ალმა რუსთან" ფარულ გარიგებაში ადანაშაულებს.
„როგორ უნდა გაფლანგო ნახევარი მილიონამდე ლარი ამის ნათელი დადასტურებაა თეთრი ხიდი. კოროზიაა წასული, დაჟანგებული არის მთლიანად კონსტრუქცია და კონსტრუქციამ ,რომელმაც გაუძლო საუკუნეებს დღეს არის კითხვის ნიშნის ქვეშ შეძლებს თუ არა ფუნქციონირებას“-ამბობს გიგა შუშანია.
მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიამ სამუშაოების მიმდინარეობისას კანონი დაარღვია და სწორედ ამიტომ მოხდა ხელშეკრულების გაუქმება.
„გაუქმდა ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან. შესაბამისად მას აღარანაირი ვალდებულება არ ჰქონდა. თუ რაიმე პრეტენზიები გააჩნია ან გააჩნდება კონკრეტულ ორგანიზაციას ან ვინმე დაინტერესებულ პირს და ჩვენ დეტალურად გავცემთ პასუხის“-ამბობს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია.
ამ გადაწყვეტილებით კომპანია „ალმა რუსი“ უკმაყოფილოა და მერიის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში შეიტანს.
„გამოჩნდა, რომ კონსტრუქცია შესაცვლელი იყო და შეიცვალა პროექტი, შემდეგ აღმოჩნდა, რომ არ ვარგა და ჩემი მუშაობა ჩამეყარა წყალში,. როგორ შეიძლება დაუსრულებელ რაღაცაზე თქვა არ მომწონსო“-ამბობს კომპანია ”ალმა რუსის” წარმომადგენელი ზურაბ ყურუა.