საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, საქართველოს მთავრობის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება ცნობილი დღეს გახდა.
მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე სარჩელი საბერძნეთის იმ მოქალაქეებმა შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.
„ამ გადაწყვეტილებით ისინი შეძლებენ მიწების დაკანონებას და აქედან გამომდინარე დაცული არის მათი საკუთრების უფლება. რა თქმა უნდა, ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდგომ უკვე საქართველოს არამოქალაქეებს ეკრძალებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრების მოპოვება, გარდა გამონაკლისის შემთხვევებისა, თუმცა, მიუხედევად ამისა, ეს იყო პრინციპული მნიშვნელობის პოზიცია, რომელიც დააფიქსირა პლენუმმა და მიგვაჩნია, რომ ეს ასე ვთქვათ, აისახება კონსტიტუციურ ისტორიაზე“-განაცხადა მოსარჩელე მხარის ადვოკატმა შოთა ქობალიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე მიიღო.
„საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართლაც სადაო ნორმები შეიცავს იმ ანალოგიურ შინაარს, რომლის არაკონსტიტუციურობაც დაადგინა საქალაქო სასამართლომ ორჯერ, 2012 -ში და 2014 წელს და აქედან გამომდინარე, ჩათვალა, რომ ნორმები არის დამძლევი ხასიათის და შესაბამისად, არაკონსტიტუციურად სცნო. შეზღუდვა, რომელიც გასაჩივრებული იყო საქალაქო სასამართლოში უკრძალავდა უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენას. ეს შეზღუდვა გაუქმდა“,-ამბობს საკონტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველი გიორგი სულხანიშვილი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულია, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც მორატორიუმით გათვალისწინებულ შეზღუდვებს კვლავ აწესებს.
უცხოეთის მოქალაქეებს მიწების დასარეგისტრირებლად ცხრა დღე რჩებათ.