17 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
საწარმო კვლავ გაჩერებულია - „ომეგა ჯგუფი“ შემოსავლების სამსახურს უჩივის 

„ომეგა ჯგუფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და მის კონტრაქტორ კომპანიას „სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას“ უჩივის. „ომეგა ჯგუფი“ საჩივრის სასამართლოში შეტანას დღესვე გეგმავს.  

„ომეგა ჯგუფი“ მოითხოვს, შეწყდეს კომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებები და დაუყოვნებლივ გაიცეს აქციზური მარკები, რათა საწარმომ მუშაობა გააგრძელოს.

„ომეგა ჯგუფის“ საწარმო კვლავ გაჩერებულია და 1500-მდე პირი სამსახურის გარეშეა დარჩენილი.

„ომეგა ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ლევან აღდგომელაშვილი საწარმოსთვის მუშაობის შეჩერებას სადამსჯელო ღონისძიებად აფასებს.

როგორც "ომეგაში" აცხადებენ, სამკვირიანი მუშაობის შემდეგ ომეგა ჯგუფის საწარმო კიდევ ერთხელ გააჩერეს და ისევე როგორც წინა შემთხვევებში, საწარმოს ხელოვნურად გაჩერება, კვლავაც აქციზური მარკების უკანონოდ არმიცემით განხორციელდა.

აღდგომელაშვილის განცხადებით, კომპანიამ აქციზური მარკებისთვის საჭირო ინვოისის მოთხოვნა 12 ნოემბერს დააფიქსირა, თუმცა ის არ დაკმაყოფილდა, ხოლო რამდენიმე წერილზე პასუხი საერთოდ არ მიუღია.

„ომეგა ჯგუფის მიერ 3,5 და 6 დეკემბერს განთავსებული შეკვეთიდან დღემდე არცერთი შეკვეთის დადასტურება არ მომხდარა შემოსავლების სამსახურის მიერ. ომეგა ჯგუფის საწარმოს მუშაობის პარალიზება არის ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება იმიტომ, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა უარი თქვა შეესრულებინა მისთვის წაყენებული მოთხოვნა, რაც გულისხმობდა უდანაშაულო ადამიანებისთვის ცილისწამებას არარსებული დანაშაულის ჩადენაში და საკუთარი ღირსების შემლახველი განცხადების გაკეთებას,“ - განაცხადა აღდგომელაშვილმა.

„ომეგა ჯგუფის“ პრეტენზიებს ფინანსთა სამინისტროში არ იზიარებენ. მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საწარმოს ხელოვნურ პრობლემებს არავინ უქმნის და აქციზურ მარკებს შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ მიიღებენ.

"გადაიხადოს, რაც არის გადასახდელი, თუნდაც, მიმდიანრე აქციზური მარკების ღირებულება და შესაბამისად მოხდება შესაბამისი რაოდენობის აქციზური მარკების გაცემა, რამდენჯერაც გადაიხდის, იმდენჯერ მოხდება. ხელოვნურად არ არსებობს, თანხას არ იხდის კომპანია, შესაბამისად, ვერ იხდის მარკებს," - ამბობს კაკაურიძე.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები