ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული ბიტკოინების მწარმოებელი კომპანია "ბიტფური" უკვე 4 წელია საქართველოშია, თუმცა, კომპანიის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია და გადახდილი თანხა აქამდე საიდუმლო იყო. „კურიერმა“ ბოლო 6 თვის განმავლობაში "ბიტფურის" მიერ შეძენილი ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა.
ოფიციალური დოკუმენტებით, დგინდება, რომ "ბიტფურის" შვილობილმა კომპანიამ, რომელიც გორში მდებარეობს, ბოლო 6 თვის განმავლობაში 185 მილიონი კილოვატსაათს პირდაპირ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრისგან იყიდა. კილოვატ საათში კი ოფიციალური ინფორმაციით, საშუალოდ 11 თეთრი გადაიხადა. იმის გათვალისწინებით, რომ "ბიტფური" თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს, ის არ იბეგრება. მხოლოდ ბოლო 6 თვის მონაცემებით, ამ გადაწყვეტილებით ბიუჯეტმა 2 მილიონ ნახევარი ლარი დაკარგა. კომპანია წინა წლებში მოხმარებული ელექტრო ენერგიისა და გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაციას მალავდა, შესაბამისად უცნობია, 2014 წლიდან დღემდე ჯამში ბიუჯეტმა რამდენიმე მილიონი დაკარგა.
ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელიც კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული, გორში დატა ცენტრი 2014 წელს გახსნა. ქალაქში ელექტროენერგია ბოლო რამდენიმე თვეა ხშირად ითიშება. დენის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა ეჭვობს, რომ უშუქობის მიზეზი მათ მეზობლად მდებარე ბიტფურის მონაცემთა ცენტრია.
ოპოზიცია და ადგილობრივები ეჭვობენ, რომ გორის მიმდებარედ ქარის ელექტროსადგურები ბიტფურის მონაცემთა ცენტრის გამართული ფუნქციონირებისთვის განთავსდა.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.