17 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი გარდაიცვალა - ოჯახი მკვლელობაზე საუბრობს და განათლების სამინისტროს ადანაშაულებს

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია გარდაიცვალა. კერზაია კვირაზე მეტია ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და მკურნალობას გადიოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილი ქუთაისის საავადმყოფოდან უკვე გადაასვენეს ზუგდიდში, საკუთარ სახლში.  

ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში გენ. ინსპექცია შევიდა. თავად კერზაია ამბობდა, რომ გენ. ინსპექციის შესვლა, სკოლაში არჩევნებს უკავშირდებოდა. პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ია კერზაიამ საავადმყოფოში მოხვედრამდე, „რუსთავი ორთან“ თავად ისაუბრა.

კერზაია ყვებოდა რომ მას შემდეგ, რაც დირექტორმა პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენ. ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა. შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ოფიციალური ინფორმაციით სწორედ ამ მოტივით უპირებდნენ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორს პოსტიდან დათხოვნას, პირად საუბარში კი ია კერზაიას აუხსნეს, რომ რეალური მიზეზი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვაზე უარის თქმა იყო.

გარდაცვლილის შვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას განათლების სამინისტროს აკისრებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

„აუცილებლად უნდა აგოს პასუხი ვინც ეს მკვლელობა ჩაიდინა. ეს არის მკვლელობა, მეტი არაფერი, რომელიც დაგეგმეს და განახორციელეს განათლების სამინისტროში. სამწუხაროდ, ერთი კვირის მანძილზე, მიუხედავად დიდი ბრძოლისა მაინც დამთავრდა წარუმატებლად. აღარ მყავს მე დედა და საქართველოს აღარ ჰყავს ძალიან, ძალიან მაგარი ადამიანი. ეს არის მკვლელობა. აუცილებლად მე მივმართავ ყველას ვისაც ეს ეხება, სამართალდამცავ ორგანოებს. დაიწყონ გამოძიება ორგანიზებულ დანაშაულში. მკვლელობის შეკვეთა, შესრულება ორგანიზება, უსწრაფესად დაისაჯონ ის ადამიანები,“-განაცხადა ბაჩანა შენგელიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები