ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტს უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ოჯახს მომხდარის გამო უსამძიმრებენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ მათთვის კერზაიაზე შესაძლო პოლიტიკური ზეწოლის ფაქტების შესახებ ინფორმაცია, ცნობილი არ არის.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, სკოლაში კონკრეტული გადაცდომები იყო, რომელსაც განათლების სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.
„მე მაქვს ინფორმაცია ასევე, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციასთან მიმართებაში ჩატარდა შესაბამისი საპროცესო მოქმედება განათლების სამინისტროს შიგნით, გარკვეულ ხარვეზებზე და დარღვევებზე იყო საუბარი სკოლის საქმიანობის პირობებში, რის გამოც მოხდა გარკვეული რეაგირება, მოხდა შესაბამისი უწყების მხრიდან. სხვა აქ არანაირ პოლიტიკურ ჩარევაზე არ არის საუბარი. ჩემთვის ეს არის მხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილი,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ია კერზაიას გარდაცვალების გამო, ოჯახს სამძიმარი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გამოუცხადა. მისი თქმით, ის ამ საქმეს არ იცნობს, თუმცა თუკი რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ.
„მე სამწუხაროდ, ეს დეტალები არ ვიცი და არ ვიცი ეს გარემოებები. ამიტომ, ამაზე უფრო მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ გარდა იმისა, რომ მართლაც გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ოჯახს. რაც შეეხება რაიმე სხვა გარემოებებს, რომელზეც თქვენ სვამთ კითხვას, ალბათ შესაბამისი ორგანოები და წარმომადგენლები, ვინც იცის ეს თემა ადგილზე, უფრო მეტ დეტალებზე ისინი ისაუბრებენ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ თუკი საქმეში რაიმე დარღვევა იყო, ამას გამოძიება დაადგენს.
„ნებისმიერ ასეთი ფაქტი, გარდაცვალების ფაქტი ძალიან მძიმეა და ოჯახს მინდა მივუსამძიმრო. საქმის დეტალები მე არ ვიცი. თუ ამ საქმეში რაიმე დარღვევა იყო, შესაბამისმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მე კონკრეტულს ვერაფერს ვერ გეტყვით ამ საქმესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დეტალებს არ ვიცნობ,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია დღეს გარდაიცვალა. იგი კვირაზე მეტია ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და მკურნალობას გადიოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში გენ. ინსპექცია შევიდა. თავად კერზაია ამბობდა, რომ გენ. ინსპექციის შესვლა, სკოლაში არჩევნებს უკავშირდებოდა. პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ია კერზაიამ საავადმყოფოში მოხვედრამდე, „რუსთავი ორთან“ თავად ისაუბრა.
გარდაცვლილის შვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას განათლების სამინისტროს აკისრებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.