ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოჯახის ბრალდებებს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. ირაკლი კობახიძის განცხადებით თუ ია კერზაიას ახლობლებს აქვს კითხვები, შესაბამისმა უწყებებმა მათ პასუხი უნდა გასცენ.
„პირველ რიგში გარდაცვლილის ოჯახს მინდა მივუსამძიმრო. რაც შეეხება ზოგადად ამ კონკრეტულ შემთხვევას, იქ თუ რაიმე კითხვის ნიშნები არის და თუ ოჯახს აქვს კითხვის ნიშნები, პასუხისმგებლობა არის შესაბამისი ორგანოების, რომ ამ კითხვებს გაეცეს პასუხი,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში გენ. ინსპექცია შევიდა. თავად კერზაია ამბობდა, რომ გენ. ინსპექციის შესვლა, სკოლაში არჩევნებს უკავშირდებოდა. პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ია კერზაიამ საავადმყოფოში მოხვედრამდე, „რუსთავი ორთან“ თავად ისაუბრა.
კერზაია ყვებოდა, რომ მას შემდეგ, რაც დირექტორმა პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენ. ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა. შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ოფიციალური ინფორმაციით სწორედ ამ მოტივით უპირებდნენ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორს პოსტიდან დათხოვნას, პირად საუბარში კი ია კერზაიას აუხსნეს, რომ რეალური მიზეზი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვაზე უარის თქმა იყო.
გარდაცვლილის შვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას განათლების სამინისტროს აკისრებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.