თბილისი, თელავი, წინანდალი - პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სამი ლოკაცია სახელდება.
ცერემონიისთვის მზადება გრძელდება. საორგანიზაციო კომისია მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა. ორგანიზატორებმა ტექნიკურ დეტალებზე იმსჯელეს. ცნობილია რომ ფიცის დადების ცერემონია გაიმართება თელავში, ერეკლეს სასახლეში. საღამოს კი მიღება იქნება წინანდალში. რაც შეეხება თბილისს, სალომე ზურაბიშვილს სურს, რომ ფიცის დადებამდე მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავი მოინახულოს.
„თბილისთან მიმართებაში საუბარია ჭავჭავაძის საფლავის გვირგვინით შემკობა, გმირთა მემორიალთან მისვლა და ასევე პატივისცემის დადასტურება. რაც შეეხება კონკრეტულად თელავს, იცით რომ ფიცის დადების ცერემონია იქნება თელავი. ეს რაც არ შეიცვლება. ასევე განიხილება წინანდალის საკითხიც, საზეიმო მიღების კუთხით. ჯერჯერობით სანამ არ გვეცოდინება იმ ადამიანების რაოდენობა ვინც ჩამობრძანდება და დაესწრება ღონისძიებას ნამდვილად ვერ გეტყვი ბიუჯეტს. კონკრეტულად ყველას სურვილია, რომ რაც შეიძლება ცოტა ბიუჯეტი დაჯდეს ეს ღონისძიება,“-განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა კახიშვილმა.