ერთკვირიანმა ინტენსიურმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო - ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი წუხელ ღამით გარდაიცვალა.
"მე აღარ მყავს დედა, ხოლო საქართველოს ძალიან მაგარი ადამიანი. ეს არის მკვლელობა, რომელიც დაგეგმეს და განახორციელეს განათლების სამინისტროში" - ასე აფასებს დედის გარდაცვალებას ია კერზაიას შვილი. რაც ზუგდიდში მოხდა, მისთვის ორგანიზებული დანაშაულია და ის დამნაშავეთა უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, უკანასკნელი ინტერვიუ სკოლის დირექტორმა "კურიერს" მისცა. ია კერზაია ყვებოდა, თუ როგორ აიძულებდნენ მას ხელისუფლების წარმომადგენლები, სალომე ზურაბიშვილის აგიტაციაში ჩართულიყო თვითონაც და ჩაერთო სკოლის პედაგოგებიც.
ამაზე ხელისუფლებამ დირექტორისგან უარი მიიღო და ამის შემდეგ დაიწყო პრობლემებიც. სკოლაში განათლების სამინისტროს გენინსპექცია შევიდა და ია კერზაია გააფრთხილეს, რომ მას თანამდებობიდან მოხსნას უპირებდნენ.
ოპოზიცია კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს აკისრებს, ვინაიდან ცნობილია, რომ სამეგრელოში წინასაარჩევნო მობილიზაცია სწორედ გიორგი გახარიას ჰქონდა ჩაბარებული.
სწორედ ამ ფაქტებს უკავშირებს გარდაცვლილის ოჯახი ტრაგიკულ შედეგს. ია კერზაიას წინა კვირას ინსულტი დაემართა და მას შემდეგ მისი გონებაზე მოყვანა ვეღარ მოხერხდა. ერთი კვირის თავზე ქალბატონი გარდაიცვალა.
განათლების სამინისტრო კი მომხდართან დაკავშირებით გარდაცვლილის ოჯახის ბრალდებებს უარყოფს. განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე ამბობს, რომ სკოლაში გეგმიური შემოწმება განაცხადის საფუძველზე დაიწყო. მომხდარზე კომენტარი გააკეთა ასევე ირაკლი კობახიძემაც. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით თუ კი ია კერზაიას ოჯახს აქვს კითხვები, შესაბამისმა უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ.