დღეიდან ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეული იწყება. კვირეული ოფიციალური ღონისძიებით თბილისში, რუსთაველის მეტროსთან გაიხსნა და ის ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავს ეძღვნება.
დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეების ინფორმირებულობის ამაღლებაა მათი უფლებების შესახებ.
„მე მინდა, რომ განსაკუთრებით კიდევ ერთხელ გამოვყო სიცოცხლის უფლება და ამ ჭრილში ვიცით, რომ აი ამ აქციიდან სულ ძალიან ახლოს რუსთაველის გამზირზე არის პროტესტი, სადაც შვილმოკლული მამები დღემდე ითხოვენ ეფექტურ გამოძიებას. სიცოცხლის უფლება ამ დეკლარაციითაც და კონსტიტუციითაც არის უპირველესი და უმნიშვნელოვანესი უფლება და ნებისმიერ ესეთ შემთხვევაში სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ჩაატაროს ეფექტური გამოძიება და სამწუხაროდ ამ შემთხვევებიდან ერთი წელი არის გასული და დღემდე ოჯახის წევრები ითხოვენ ეფექტურ გამოძიებას,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის გახსნაზე გაეროს მისიის წარმომადგენელიც იმყოფებოდა.
„ვამაყობ, რომ სახალხო დამცველის ოფისთან აღვნიშნავთ ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავს. ევროკავშირი ეფუძნება იმ ღირებულებებს, რომელთა მნიშვნელობასაც დღეს ჩვენს აღვნიშნავთ. ესენია თანასწორობა, კანონის უზენაესობა. დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება. საქართველო ყოველთვის იბრძოდა დამოუკიდებლობისა და ღირებულებებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მჭიდრო ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებასთან,“ - განაცხადა გაეროს მისიის წარმომადგენელმა.