პურის გაძვირებაზე მთავრობა პასუხისმგებლობას იხსნის. ეკონომიკის მინისტრმა დღეს თქვა, რომ ხელისუფლება პურის ფასს არ არეგულირებს. მთავრობის სხდომის შემდეგ კი გიორგი ქობულიამ მხოლოდ ის აღიარა, რომ პურის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამან მთავრობის ყურადღება მიიქცია. პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით თავის მართლება სცადა პრემიერმა რომელმაც ეჭვი გამოთქვა, რომ მეწარმეებმა პროდუქტი არა გადაუდებელი აუცილებლობის გამო, არამედ არასამართლიანი კონკურენციის გამო გააძვირეს.
პურის მწარმოებლები კი რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ, მათშორის არის ლარის გაუფასურება, რამაც ბიზნესს გაუძვირა ფქვილი და შესაფუთი მასალა. გარდა ამისა საწვავზე ფასის მატებამ გაზარდა ქარხნებიდან მაღაზიებამდე პროდუქციის დისტრიბუციის ფასიც.
ოპოზიცია პურის გაძვირებაზე მთელს პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მთავარ მიზეზად მაღალ გადასახადებს ასახელებს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საწვავზე გაზრდილმა აქციზმა დომინოს პრინციპით ყველა სხვა პროდუქტის გაძვირება გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით პურპროდუქტების მწარმოებლებს არჩევნების წინ ძველი ფასების შენარჩუნებას ხელისუფლება სთხოვდა. არ არის გამორიცხული ზეწოლა ბიზნესზე ისევ გაგრძელდეს, დღეს ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ კონკურენციის სააგენტომ პრემიერის მიმართვის შემდეგ ამ საკითხის შესწავლა დაიწყო. თუ პურის ქარხნებს, ძველი ფასის შენარჩუნებას და წაგებაზე მუშაობას აიძულებენ მაშინ შესაძლოა ისინი დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.