17 ნოემბერი 2024,   05:53
ვრცლად
დიდი საკადრო წმენდა სახელისუფლებო პარტიაში - პოსტებს დატოვებს ყველა, ვინც არჩევნების პირველ ტურში ზურაბიშვილისთვის ხმები ვერ მოაგროვა

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სახელისუფლებო პარტია მასშტაბური საკადრო წმენდისთვის ემზადება. ცვლილებები ყველა დონეზე უკვე გადაწყვეტილია. ახალი წლის შემდეგ საკადრო წმენდა რამდენიმე მიმართულებით იქნება. მათ შორის პარტიაში, მთავრობაში, პარლამენტში და რეგიონებში. "ქართული ოცნების" ლიდერს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რომ პოსტიდან გაუშვას ყველა, ვინც არჩევნების პირველი ტურის დროს ვერ იმუშავა და პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის სასარგებლოდ საჭირო ხმები ვერ მოაგროვა.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ბახტაძე გაუშვას და ის გიორგი გახარიათი ჩაანაცვლოს.

პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სავარაუდოდ აღმასრულებელ და გენერალური მდივნებს, ირაკლი კობახიძეს და კახი კალაძეს შეცვლის.

წაგებული არჩევნებს გამო "კურიერის" ინფორმაციით, პოსტებს დაემშვიდობებიან კახეთისა და ქვემო ქართლის გუბერნატორები, რადგან მეორე ტურში თელავსა და რუსთავში არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ მოიგო. მმართველ პარტიაში კონკრეტულ გვარებს არ ასახელებენ და ამბობენ რომ წავა ყველა, ვინც ოცნების ტემპს ფეხს ვერ აუწყობს.

კოსმეტიკური ცვლილებები რომ ამომრჩევლის კიდევ ერთი მოტყუებაა, ამაზე განცხადებები დღეს ოპოზიციამ გააკეთა. ხელისუფლების ოპონენტები მთავარ პრობლემად ოლიგარქიულ მმართველობას ასახელებენ და მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ.
 

დღის ამბები