განათლების სამინისტროში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას ოჯახის ბრალდებებს პასუხობენ.
საქმე ეხება ია კერზაიაზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლას და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, რომელზეც გარდაცვლილის ოჯახის წევრები მიუთითებენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ ცალკეული ძალებისგან ხდება ამ ტრაგედიის პოლიტიზირება.
სამინისტროში იმ მიზეზებს განმარტავენ, რის გამოც მათი თქმით, სკოლაში შემოწმება დაიწყო.
სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში აღმოჩნდა კონკრეტული დარღვევები და რომ ეს შენიშვნები სამეურვეო საბჭომაც გაიზიარა.
განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრის მოადგილემ გააკეთა. ნათია ზედგენიძემ ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
„გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, პედაგოგის, ია კერზაიას გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს. აქვე აღვნიშნავთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ ამ ტრაგედიის პოლიტიზირება კატეგორიულად მიუღებელია.
2012 წლიდან, ხელისუფლებამ უზრუნველყო და მნიშვნელოვანი მიღწევა არის ის, რომ განათლების სისტემა არის დეპოლიტიზირებული და შესაბამისად, პოლიტიკური დღის წესრიგის საგნად იქცეს რომელიმე სასწავლო დაწესებულება, ეს არ იქნება დაშვებული,“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანმა.