პასუხისმგებლობისგან გაქცევა და პედაგოგების უპატივცემულობა - ასე აფასებს განათლების სამინისტროს განცხადებას, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის, გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი.
ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ იკვეთება კონკრეტული საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაული. შენგელიას თქმით, საქმის ძიება სამინისტრომ ახლა სამართალდამცავ უწყებებს უნდა დაუთმოს.
„სახეზე გვაქვს ჩვენ სისხლის სამართლის დანაშაული. პოლიტიზება რომელიმე მხრიდან თუ ჰქონდა ამ საკითხს, ჰქონდა მათი მხრიდან და შესაბამისად, ამ შემთხვევაში უკვე სახეზე გვაქვს კონკრეტული საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულთან, რომელსაც მოჰყვა უმძიმესი შედეგი. წინასწარ საუბარი იმაზე, რომ ეს იყო დარღვევა და შესაბამისად, მათ ჰქონდათ ამ ყველაფრის გაკეთების უფლება, როგორც სადისტურად და როგორც არა ადამიანურად მოექცნენ ამ სკოლას და მის დირექტორს, ეს იქნება უბრალოდ პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და შესაბამისად, აღქმული იქნება როგორც მათი მხრიდან რაღაც ამ თემის, ესე ვთქვათ, დაფარვა,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
განცხადება ია კერზაიაზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში დღეს გაკეთდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ცალკეული ძალებისგან ამ ტრაგედიის პოლიტიზირება ხდება, რაც მათი თქმით, დაუშვებელია.