პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე - პასუხგაუცემელი კითხვები და ხმაურიანი საქმის დეტალები დღეს EMC-მ დიპლომატიურ კორპუსს გააცნო.
დიპლომატებთან ერთად შეხვედრას გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ადვოკატიც დაესწრნენ, რომლებსაც ტრაგიკული შედეგით დასრულებული სპეცოპერაციის შემდეგ კვლავაც არ აქვთ წვდომა საქმის მასალებზე.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე ოჯახის კითხვებს საგამოძიებო უწყებები უპასუხოდ ტოვებენ.
„შევეცადეთ ყველანაირად მიგვეწვდინა ის ხმა, რა სიბინძურე ტრიალებს სუს-ისგან მომართული ჩვენ მხარეს,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის დადგენას ითხოვს სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა, მედიკო (აიზა) მარგოშვილი.
„აღიარონ, რომ არ იყო თემირლანი რამეში დამნაშავე და გავუზიარეთ სიმართლე, რაც არსებობდა თემირლანის მიმართ და გვაქვს იმედი, რომ ადვოკატების და ამ ორგანიზაციის მეშვეობით მივაღწევთ სიმართლეს,“ - აღნიშნა მედიკო მარგოშვილმა.
შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი. მისი თქმით, დიპლომატური კორპუსის წარმომადგენლებმა მაჩალიკაშვილების საქმე პირადად ოჯახისგან მოისმინეს.
„იყო კითხვები დნმ-თან დაკავშირებით, ხომ არ ნიშნავს ის, რომ დნმ აღმოჩნდა ხელყუმბარაზე, ეს პირდაპირ რაიმე შემხებლობაში ან აუცილებლად ადასტურებს თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობას,“ - ამბობს ადვოკატი.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის მიუკერძოებელი გამოძიების იმედი არ აქვს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორს, თამთა მიქელაძეს. მისი თქმით, EMC ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის უკვე ამზადებს განაცხადს.
„ჩვენ რაიმე მოლოდინები, რომ პროკურატურას ეყოფა გამბედაობა, ნეიტრალიტეტი ამ საქმის გამოძიების, არ გვაქვს. EMC უკვე ამზადებს განაცხადს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. ეს იქნება მაჩალიკაშვილების საქმე საქართველოს წინააღმდეგ,“ - განაცხადა მიქელაძემ.