დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებით მშობლებს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ კვლევაში, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად ატარებენ.
კვლევამ უნდა დაადგინოს ტყვიის შემცველობა სისხლში. გამოკვლევა შერჩევითობის პრინციპით, 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს უტარდებათ. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ მიიღონ ოჯახებმა მონაწილეობა. კვლევა საქართველოს 10 ქალაქში მიმდინარეობს და 1500 ბავშვს უნდა ჩაუტარდეს. აქედან 1300-მდე ბავშვს ანალიზები უკვე აუღეს.
კვლევის შედეგები გაზაფხულზე იქნება ცნობილი.
„მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, რომ ხელი შევუწყოთ ამ კვლევას, რამეთუ ჩვენ გარკვეული ჩამორჩენა ჩართვაში გვაქვს ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის, დედაქალაქშიც,“ -განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.