17 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
მარგველაშვილის ყველა თანამშრომელი უმუშევარი რჩება - მმართველი გუნდი კანონპროექტის განხილვისთვის ემზადება

გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი უმუშევარი რჩება. მმართველი გუნდი სახელდახელო საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, რომელიც სალომე ზურაბიშვილს საშუალებას მისცემს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის 160 თანამშრომელი სახლში კომპენსაციისა და ახსნა განმარტებების გარეშე გაუშვას და ახალი თანამშრომლებიც ყოველგვარი კონკურსის გარეშე მიიღოს.

ცვლილება "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 58-ე მუხლში შედის და მისი მიხედვით, ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ვალდებული იქნება, გააფორმოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება და შესაბამისად, ისინი აღარ ჩაითვლებიან საჯარო მოხელეებად.

აღნიშნული კანონპროექტი საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე უნდა განხილულიყო, თუმცა, ის გადაიდო.  

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი, იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილება ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის რეფორმას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკური  ხელმძღვანელობის ცვლილებასთან ერთად, არ იცვლებოდნენ კომპეტენტური კადრები.

„იდეა თავისთავად არის ძალიან არასწორი. არღვევს ძალიან ბევრ პრინციპს. უპირისპირდება ინსტიტუციურ მდგრადობას იმიტომ, რომ საჯარო სამსახურის რეფორმის მთელი სულისკვეთება იყო ის, რომ პოლიტიკური  ხელმძღვანელობის ცვლილებასთან ერთად არ იცვლებოდნენ კომპეტენტური კადრები.  პირიქით, ხდებოდეს ამ ადამიანებში ცოდნის, გამოცდილების დაგროვება და სახელმწიფო ინსტიტუტები  ეფექტურად აგრძელებდნენ ფუნქციონირებას პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილების  მიუხედავადაც. ეს ინიციატივა მთლიანად ეწინააღმდეგება ამ არსს და აქედან გამომდინარე, ძალიან ცუდი, ძალიან საშიში, ძალიან არასწორი იდეაა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ უთავმოყვარეო და ძალიან არაკომპეტენტურ ნაბიჯს საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს,“ -განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.  

დღის ამბები