ქართული ოცნების ხელისუფლება დიპლომატიური სკანდალის და მთავარ პარტნიორთან დაპირისპირების ზღვარზეა - უკვე ნახევარ წელზე მეტია, ამერიკის შეერთებულ შტატებს ქვეყანაში ელჩი არ ჰყავს და ეს პრობლემა უკვე ღიად უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის სახელს.
გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა ფორინ პოლისი ვაშინგტონში ყოფილ და მოქმედ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ სწორედ ქართული ოცნების ლიდერი და ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბლოკავს ვაშინგტონის ოფიციალურ კანდიდატურას.
ეს კანდიდატურა ბრიჯიტ ბრინკია, დიპლომატი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისში და როგორც გამოცემა წერს, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან.
სწორედ ეს არის ივანიშვილის პროტესტის მიზეზი.
ქართული ოცნება ღიად ამ პრობლემის არსებობას არ ადასტურებს. მმართველი პარტიის ლიდერები არასერიოზულს უწოდებენ ფორინ პოლისის სტატიას და ამბობენ, რომ ეს სპეკულაციაა. შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კი აცხადებს, რომ ვაშინგტონი უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ ამ დრომდე არ ჰყავს ელჩი და იმითაც, რომ დანიშვნის პროცესი მომავალ წელს გადაიწევს.