დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი იყო და ინსპექტირების სამსახურის გამოვლენილი დარღვევები არა დირექტორის დაუდევრობას, არამედ სხვა გარემოებას უკავშირდებოდა.
საუბარია საპირფარეშოებში შექმნილ ვითარებაზე. ოქმი სკოლაში ჩატარებული სამეურვეო საბჭოს სხდომის დეტალებს აღწერს, სადაც საბჭოს წევრები წერენ, რომ ინსპექტირების სამსახურის მიერ აღმოჩენილ დარღვევები გამონაკლისი შემთხვევაა და სკოლის საპირფარეშოში შექმნილი ვითარება არა მხოლოდ სკოლაში, რეგიონში არსებულ წყლის პრობლემას უკავშირდება.
გარდა ამისა, პედაგოგები ადასტურებენ, რომ წყლის პრობლემა მთელ რეგიონში და შესაბამისად, სკოლაშიც ნამდვილად შეიქმნა, თუმცა, ია კერზაიამ ყველა შესაბამის უწყებას მიმართა და სკოლაში ცისტერნებით წყლის შეტანასაც ელოდებოდნენ. სწორედ ამ დროს განხორციელდა ანონიმური ზარი ინსპექტირების სამსახურში და შემოწმებაც დაუყოვნებლივ დაიწყო.
მიზეზი, რის გამოც განათლების სამინისტრომ ია კერზაიას დირექტორის პოსტიდან გაშვების გადაწყვეტილება მიიღო, პედაგოგებმა არარელევანტურად ჩათვალეს. დოკუმენტში წერია, რომ საბჭოს 5 წევრიდან ხუთივე ია კერზაიას თანამდებობიდან გადაყენების წინააღმდეგია.
პედაგოგებისგან რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს განათლების სამინისტრო, სადაც დღეს კიდევ ერთხელ სცადეს, მეექვსე სკოლის მასწავლებლებისთვის დაებრალებინათ ის, რაც საბჭოს სხდომის ოქმში არ წერია.
გარდაცვლილი ია კერზაიას ოჯახი სამართალდამცავებს საქმის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს. ისინი ამბობენ, რომ ია კერზაიას წინააღმდეგ რეპრესიები სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვაზე მის უარს მოჰყვა, რაც საბოლოოდ მის ჯანმრთელობაზე აისახა და გარდაცვალებით დასრულდა.