17 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
აღმოჩენა სოფელ ბანძაში - მესაფლავეებმა VII და XIX საუკუნეების პერიოდის ოქროსა და ვერცხლის მონეტებს მიაგნეს 

მესაფლავეებმა სოფელ ბანძაში უძველესი დროის 60-მდე ვერცხლისა და ოქროს მონეტას მიაგნეს.

საფლავის გათხრის დროს სამმა მესაფლავემ მე-7 და მე-19 საუკუნეების პერიოდის ოქროსა და ვერცხლის მონეტები აღმოაჩინა.

მესაფლავეებმა ნაპოვნი ძვირფასი ნივთების ნაწილი ქუთაისში წაიღეს და ოქროს ბირჟაზე გაყიდეს. ერთ ქოთან ოქროში მესაფლავეებს 11 ათასი ლარი გადაუხადეს.

მესაფლავეების ოქროს პოვნის ამბავს რამდენიმე დღის განმავლობაში მალავდნენ. მათ ოქროს მონეტების მხოლოდ ნაწილი გაყიდეს, დანარჩენი იმ ქალბატონის ოჯახს გადასცეს, რომლის საფლავსაც თხრიდნენ. ოჯახმა მონეტები ადგილობრივ მუზეუმს გადასცა, სწორედ ამ გზით გაიგო პოლიციამ ქოთნით გაყიდული ოქროს შესახებ.

ძვირფასეულობის ნაწილი მესაფლავეთა სახლიდან, ნაწილი კი ქუთაისის ოქროს ბირჟიდან ამოიღეს. 

ფულის სანაცვლოდ ჩაბარებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები გამოძიებამ სრულად ამოიღო და ამ დროისთვის ყველა მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთმტკიცებებისთვის განკუთვნილ სპეციალურ საცავშია მოთავსებული. 

 

 

ავტორი: ემა გოგოხია  

 

 

დღის ამბები