ბოლნისში გარდაცვლილი 13 წლის ისმაილ ბადალოვის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან ცოტა ხნის წინ გამოასვენეს. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. ექპერტიზის დასკვნას ოჯახის წევრები, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გაეცნობიან.
ბავშვის მამა დარწმუნებულია, რომ მისი 13 წლის შვილის სიკვდილის მიზეზი დაპირისპირება გახდა, რომელიც 12 ნოემბერს მოხდა.
მამის მტკიცებით, ისმაილ ბადალოვს დაზიანებები ჩხუბის დროს მისივე თანატოლმა რამდენიმე მოზარდმა მიაყენა. ოჯახი გამოძიებას ითხოვს.
„ვითხოვ, ყველა ის პირი დაისაჯოს, ვინც ჩემი შვილი ამ დღეში ჩააგდო. ვიცი, რომ 12 ნოემბერს ჩემი ბიჭი სამმა თანატოლმა სცემა. სახლში რომ მოვიდა ცუდად იყო, თავი სტკიოდა, სასწრაფო გამოვიძახეთ, ექიმმა ნემსი გაუკეთა, რის შემდეგაც გონება დაკარგა. მას შემდეგ კომაში იყო და გუშინ გარდაიცვალა. ექიმებმა მითხრეს, რომ ძლიერი დარტყმის შედეგად ჰქონდა ტრავმა მიღებული, ახლა ექსპერტიზის პასუხს ველოდებით, რომ ზუსტი მიზეზი გავიგოთ,“ - განაცხადა იდაიფ ბადალოვმა.
ისმაილ ბადალოვი, ოჯახის თქმით, კომატოზურ მდგომარეობაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ იმყოფებოდა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ცხედრის ექსპერტიზა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.