17 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლება - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მესამე სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საგანგებო შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მართავენ. შეხვედრა, დაახლოებით, 2 საათია, გრძელდება. მოლაპარაკება მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით დაიწყო ინიციატივის განხილვა, რომლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს უფლება აქვს, ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვოს.

მესამე სექტორი ამ გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციურს უწოდებს და კონკრეტულ საფრთხეებზე საუბრობს.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე კი აცხადებს, რომ არ შეიძლება ადამიანები, რომლებიც თანამდებობებზე კონკურსის წესით დაინიშნენ და საკუთარი სამსახურის ერთგულები იყვნენ, ერთი ხელის მოსმით გაათავისუფლონ. 

„ჩვენი რეფორმატორული იმიჯი სერიოზულად დაზიანდება ამ ყველაფრით და რაც მთავარია, თვითონ ეს ადამიანები, რომლებმაც კონკურსები გაიარეს, კვალიფიკაცია აიმაღლეს, ძალიან ბევრი იმუშავეს, ძალიან ერთგულები იყვნენ თავიანთი თანამდებობისა, არ შეიძლება, რომ ერთი ხელის დაკვრით, ასე შეურაცხყოფილად, აგდებულად, კანონში ცვლილების მეშვეობით გაუშვა თანამდებობიდან, ისე რომ კანონის თანახმად არსებული ყველა რეგულაცია იქნას უგულებელყოფილი. ბევრი ელოდება და შეიძლება ფიქრობს სხვა სამსახურზეც, თუ ერთგვარი შემცირება განხორციელდება, მაგრამ შემცირებასაც თავისი წესი აქვს. რეორგანიზაცია ხდება, საკადრო რეზერვში ჩარიცხვა ხდება და ა.შ. ამ ხალხს დღეს ეუბნებიან, რომ თქვენ ეს არაფერი აღარ შეგეხებათ, ვითომ არც გიმუშავიათ ამდენი წლების განმავლობაში და ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლების შესახებ განცხადება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ, რომელმაც ცუდ ტენდენციებზე ისაუბრა.

„კანონი მიღებულია სწორედ იმიტომ, რომ ახალმა პრეზიდენტმა თვითონ დააკომპლექტოს საკუთარი კადრებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თუმცა ეს რისკი არ უკავშირდება მხოლოდ მოქმედი თანამშრომლების მიერ სამსახურის დაკარგვას. გრძელვადიან პერსპექტივაში ქმნის ეს ძალიან ცუდ ტენდენციას, რომ ყოველი ახალი პრეზიდენტის შემდეგ მოხდება აპარატის გამოცვლა,“ - განაცხადა ლიკა საჯაიამ. 

დღის ამბები