17 ნოემბერი 2024,   06:05
ვრცლად
ჯეიმს აპატურაი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი  სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. როგორ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, ნატო მიესალმება საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის გზავნილებს, რომელიც მან Financial Times-ში გამოაქვეყნა. აპატურაის თქმით, სალომე ზურაბიშვილი იზიარებს საქართველოს მოქალაქეების ნებას ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებასთან დაკავშირებით.

“ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ საკითხზე, რომელიც საქართველო-ნატოს ურთიერთობებს უკავშირდება. არჩეულმა პრეზიდენტმა ილაპარაკა რეფორმებსა და პასუხისმგებლობებზე, რომელიც მას ამ კუთხით ეკისრება. რა თქმა უნდა, ნატო სრულად მხარს უჭერს ამ პრიორიტეტებს, რადგან ჩვენ მათ სრულად ვიზიარებთ. მივესალმები არჩეული პრეზიდენტის გზავნილებს, რომელიც მან Financial Times-ში გამოაქვეყნა. სადაც ის აღნიშნავს, რომ შეასრულებს ქართველი ხალხის ნებას, რომელიც ირჩევს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებას. ჩვენ ერთად  ვიმუშავებთ, რომ ეს ასე მოხდეს. ვილაპარაკეთ კონკრეტულ საკითხებზეც, როგორიც არის შავი ზღვის უსაფრთხოება, ბორდერიზაციის საკითხი, რომელსაც რუსეთი ამ ქვეყანაში ახორციელებს. არჩეულმა  პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოაგვარებს პარალიზებულ დისკუსიებს და იზრუნებს ინკლუზიური  პოლიტიკურ გარემოს შექმნაზე,“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილმაც. მისი თქმით, საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება.

„შევთანხმდით იმაზე, რომ ძალიან ბევრი საერთო საქმე გვქონდა სხვადასხვა საკითხში, რომელიც ეხება კიბერუსაფრთხოებას, ყველა ფორმის უსაფრთხოებას, რაც არსებობს დღეს. ახალი გამოწვევები რაც არსებობს. იგივე ცრუ ინფორმაცია, რომელიც  მთელს მსოფლიოში არის გავრცელებული და დიდწილად გამოყენებული რუსეთის მიერ,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

დღის ამბები