ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტები, ქალთა უფლებები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებში არსებული გამოწვევები - ამ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ანგარიშში.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ბოლო ორი წლის განმავლობაში 30-მდე ქალს გაუწია სამართლებრივი დახმარება. მათ შორის მომზადდა კონსტიტუციური სარჩელი ტრანსგენდერი ქალების მიმართ ძალადობისგან დაცვის თაობაზეც.
GDCI-ს იურისტები განმარტავენ, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ქალზე ძალადობის შემთხვევები, ხშირ შემთხვევაში გამოუძიებელი რჩებოდა.
„ბრძოლა უწევს უფლებადარღვეულ პირებს იმისთვის, რომ სასურველი შედეგით დასრულდეს გამოძიება ან აღკვეთილ იქნეს ძალადობის ფაქტები. თუკი ტენდენციაში9 ვხედავთ, რა თქმა უნდა, პროგრესისკენ მივდივართ, მაგრამ ესეთი ფაქტები ჯერ კიდევ რჩება, რომელსაც სათანადო რეაგირება არ ან ვერ მოჰყვება ხოლმე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ანგარიში, რომელიც წარმოდგენილია, ესეთ ფაქტებს აღწერს და მათ შორის არის შემთხვევები, როდესაც ძალადობის ფაქტებში მონაწილეობენ თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირები და ეს ფაქტები დადასტურებულია თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერაც, მაგრამ სამწუხაროდ, მას არ მოჰყოლია ადეკვატური და სათანადო რეაგირება,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.