17 ნოემბერი 2024,   05:58
ვრცლად
"სამართალდამცველებიდან იყო პროვოკაცია მოწყობილი“ - ზაზა სარალიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა

საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის გამო ზაზა სარალიძის საქმის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მხარეები სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

მოსამართლემ მხარეების მტკიცებულებები მიიღო. ადვოკატის განმარტებით, სარალიძეს სამართალდამცველისთვის ბლაგვი საგნით დაზიანება არ მიუყენებია და ამას კადრებიც ადასტურებს. უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმე სარალიძის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაციაა.

„ჩვენ არ ვეთანხმებით აღნიშნულ მტკიცებულებებს, ჩვენთვის სადაოდ არის იქ ყველა მტკიცებულება გამხდარი, დავაყენეთ შუამდგომლობა ორ მტკიცებულებასთან დაკავშირებით. ეს არის ავტომობილის დათვალიერების ოქმი და ავტომობილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ჯოხი,“ - განაცხადა ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ.

საქმე ეხება 26 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებას, რაზეც სარალიძეს პოლიციელზე თავდასხმის გამო აქვს ბრალი წარდგენილი, თუმცა ბრალის ფორმულირებას არ ეთანხმება.

„პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდების ფორმულირებაც არასწორია და არასწორად მიჰყავთ საქმე. მე მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი შვილის მკვლელები უნდა იყვნენ დასჯილები, ჩემზე რას გადაწყვეტს პროკურატურა და ხელისუფლება, ნამდვილად არ მადარდებს. რაც შეეხება ამ ინციდენტს, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები იმიტომ, რომ სამართალდამცველებიდან თვითონ იყო პროვოკაცია მოწყობილი,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დღის ამბები