სესხების განულების პროგრამას სოციალური სოლიდარობისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს ფინანსთა მინისტრი. ივანე მაჭავარიანის განმარტებით, პროგრამა ხელს შეუწყობს წლების განმავლობაში დაგროვილი არასწორი წესებისა და არარეალური პროცენტების თავიდან არიდებას.
„წარსულს უნდა ჩავაბაროთ არასწორი წესების დროს დაგროვილი და ასე ვთქვათ, დაზარალებული ადამიანების სიაც,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ უკვე დაიწყო პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების ამოქმედება, რაც კობა გვენეტაძის თქმით, შავ სიაში მყოფ პირებს დაეხმარება სამსახურის დაწყებაშიც.
„პიროვნებები, რომლებიც ე.წ. შავ სიებში იყვნენ, ისინი ვერ ახერხებდნენ ოფიციალური სამსახურის დაწყებას, რადგანაც მათი შემოსავლის დიდი ნაწილი მიემართებოდა სესხების დასაფარად, რომელიც კიდევ უფრო იზრდებოდა ჯარიმების და საურავების გამო და ამ ხალხს უკვე ნამდვილად ექნება შესაძლებლობა, რომ ოფიციალურად დაუწყონ მუშაობა,“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.