თელავში ინაუგურაციის რეპეტიციას მოსახლეობის დაზარალება მოჰყვა. როგორც დაგეგმილი იყო ქვემეხებიდან ისროლეს, გასროლის დროს გამოწვეულმა ბიძგებმა კი სოფელ კურდღელაურში რამდენიმე ადგილობრივი დააზარალა. კერძოდ ჩაიმსხვრა სამზე მეტი საცხოვრებელი სახლის შუშები.
როგროც დაზარალებულები "კურიერთან" საუბრისას ჰყვებიან, ძლიერი ხმა დაახლოებით 4 საათისთვის გაისმა, რასაც ბიძგები მოჰყვა. სროლამ მოსახლეობაში მცირე პანიკაც გამოიწვია.
სოფლის მცხოვრებლები იმ ადგილზე მივიდნენ, სადაც ქვემეხებია განლაგებული. მათი თქმით, ადგილზე მყოფმა სამხედროებმა მათ უთხრეს, რომ დაზარალებულთა მონაცემებს ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაწვდიან, თუმცა ჯერჯერობით კურდღელაურის მცხოვრებლებთან ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ მისულა.
„4 საათისთვის იყო. მერე გადავედით მთელი უბანი. სამი სამხედრო პირი მოვიდა და გვითხრა თუ რამე დაზიანდა გადავცემთ ჩემს ზემდგომსო და მერე არავინ მოსულა.
ძალიან დიდი ხმა იყო. მთელი სახლები ზანზარებდა, ფანჯრები. გამოვცვივდით ყველა. გვეგონა, თავზე დაგვენგრეოდა“-ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული ნატო ორკოდაშვილი.