17 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
ზვიად გამსახურდიას საქმე შესაძლოა დაიხუროს - პირველი პრეზიდენტის ოჯახმა პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო

ზვიად გამსახურდიას საქმე ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის გამო, შესაძლოა დაიხუროს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახმა პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო. გამსახურდიები უკმაყოფილო არიან გამოძიებით. მათი განცხადებით, ხელისუფლებას 2015 წელს ჰქონდა მცდელობა, როცა კვალიფიკაცია შეუცვალეს საქმეს და გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყეს, თუმცა რეალურად არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.

პირველი პრეზიდენტის შვილები ეჭვს გამოთქვამენ, რომ შესაძლოა ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში ჩართულ ადამიანებს მოქმედ ხელისუფლებაშიც მფარველები ჰყავთ, რადგან მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც მოწმეები გამსახურდიას მკვლელობის ორგანიზატორად ასახელებდნენ, პროკურატურამ ერთი თვის წინ ზედაპირულად დაკითხა.

დოყლაპიობის გამო, უნიათობის გამო, პოლიტიკური ნების არ არსებობს გამო, დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე გადააკვალიფიცირა 2014 წელს, არაფერი არ გააკეთა. ბოლოს და ბოლოს უნდა აღსრულდეს სამართალი და ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს საშინელი დანაშაული, უნდა მიეცნენ პასუხისგებაში. აქ უკვე არის კონკრეტული ადამიანი, მაღალჩინოსანი, რომელსაც ასევე ადებენ ხელს სხვებიც, მაგრამ დღევანდელი პროკურატურა ცდილობს, რომ რაღაცნაირად მოერიდოს,“ - ამბობს ცოტნე გამსახურდია.

კონკრეტულ მაღალჩინოსანზე მიუთითებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი. უფლებადამცველის თქმით, მოწმე მხოლოდ გამოძიების ვადების ხანდაზმულობის გამო შეწყვეტამდე ცოტა ხნით ადრე დაიკითხა.

„სპეცსამსახურების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, კონკრეტულად ალფას ქვედანაყოფის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელსაც პირდაპირ ასახელებს ზუგდიდის იმდროინდელი კომენდანტი, ბადრი ზარანდია, როგორც მკვლელობის ორგანიზატორს, რომელთანაც მას არა ერთი შეხვედრა ჰქონდა და მილიონ დოლარს სთავაზობდა ოჯახის უსაფრთხოების გარანტიით ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეში და სიტყვებიც კი, რომ ზვიად გამსახურდია აუცილებლად ზვიადისტის ხელით უნდა მომკვდარიყო, ესეთი მნიშვნელოვანი მოწმე, თუნდაც წარმოვიდგინოთ თეორიულად, რომ ის უდანაშაულოა, ხომ ლოგიკურია, რომ დაკითხულიყო 2011 წლიდან დღემდე და მით უმეტეს 2015 წლის შემდეგ. ეს მოწმე დაიკითხა გამოძიების ვადების ხანდაზმულობის გამო შეწყვეტამდე ერთი თვით ადრე. ახლა შერლოკ ჰოლმსიც რომ ჩამოიყვანოთ ამ ქვეყანაში, ისიც კი რეალურად ვერ შეძლებს ამ დარჩენილ ორ კვირაში, რეალურად ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას,“ - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

დღის ამბები