ქალაქის ცენტრში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს დაჭრილი ახალგაზრდები ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. ტატიშვილის ქუჩაზე 4 ახალგაზრდა კაცს დანით მძიმე ჭრილობები გუშინ, გვიან ღამით მიაყენეს. ”კურიერის” ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი ერთ-ერთ ღამის კლუბში სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო, ქუჩაში კი დაჭრით დასრულდა.
”კურიერის ”ინფორმაციით, დაზარალებულები და სავარაუდო დამნაშავე კლუბში სხვადსხვა სუფრის წევრები იყვნენ. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ოფიციალური მოტივი გამოძიებას ჯერ არ დაუსახელებია. ერთ-ერთი ვერსიით, სიტყვიერი დაპირისპირება ნასვამ სტუმრებს შორის გოგონას გამო დაიწყო. ჩხუბის დროს ადგილობრივების მტკიცებით, დაშავდა ქალიც.
დაპირისპირების მოტივი უცნობია ერთ-ერთი დაჭრილის, გოჩა კორძახიას ოჯახისთვისაც. დაზარალებულის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ღამის კლუბში დაბადების დღეზე იმყოფებოდა, თუმცა ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია.
ტატიშვილის ქუჩაზე, თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის ჩხუბი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია ღამის კლუბის დაცვამ მხოლოდ მას შემდეგ გამოიძახა, რაც ახალგაზრდები ცივი იარაღით დაჭრეს. ადგილზე პოლიციის მისვლამდე ტერიტორიის დატოვება ერთ-ერთმა დაჭრილმა და სავარაუდო დამნაშავემაც შეძლეს.
სისხლიანი დაპირისპირებიდან რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა 28 წლის გივი დრობიშევი დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით არის დაწყებული.
დაჭრილი ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.