როცა არის ასეთი ამბავი, მთელი ქვეყანა უნდა გამოვიდეს და უნდა მოითხოვოს, რომ იქნას ბოლოს და ბოლოს გამოძიებული ეს საქმე - ეს განცხადება, მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ზვიად გამსახურდიას საქმის შესახებ საუბრისას გააკეთა.
ზვიად გამსახურდიას საქმე ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის გამო, შესაძლოა დაიხუროს. სწორედ ამ მიზეზით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახს პროკურატურასთან სოლიდარობა შვილმოკლულმა მამებმა გამოუცხადეს.
„როცა არის ასეთი ამბავი, მთელი ქვეყანა უნდა გამოვიდეს და უნდა მოითხოვოს, რომ იქნას ბოლოს და ბოლოს გამოძიებული ეს საქმე. ვიყავი მოვალე აქ მოვსულიყავი, ამ ხალხს დავდგომოდი გვერდში და ამიტომ მოვედი. მეორეც, ზვიად გამსახურდია ჩვენთვის ძალიან ახლო ადამიანი იყო. მის დაკრძალვაზეც, მის გარემოცვაშიც გროზნოში, ჩეჩნეთში ბევრჯერ ვყოფილვარ. თავად ბატონ ზვიად გამსახურდიასაც ვიცნობდი და მის შვილებსაც,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
პროკურატურასთან მივიდა პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანიც.
„თავის მოჭრა დაგვემართა, როდესაც დავუპირისპირდით ერთმანეთს. იმაზე დიდი თავის მოჭრა დაგვემართება, თუ არ გამოვიძიებთ დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმეს. აღარ არის დრო, ისე მიიყვანა პროკურატურამ ეს ყველაფერი, რომ დროც აღარ არის,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.